საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების მიზნებია :
საზოგადოებრივი მეცნიერებები ხელს უწყობს ცოდნის შეძენას, რაც აუცილებელია მოზარდის თავისუფალ პიროვნებად და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებისათვის. სხვადასხვა საზოგადოებრივი მეცნიერების შესწავლა ეხმარება მოსწავლეს, რომ მსოფლიო კონტექსტში გაიაზროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები. იმავდროულად, მოსწავლემ უნდა იცოდეს, როგორ ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებამ, როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო. სწორედ, საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლით უვითარდება მოზარდს ცოდნა პირად, ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება-განხორციელების შესახებ. დღევანდელ დინამიკურ, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან სამყაროში საზოგადოების ფუნქციონირებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ურთიერთშემეცნება. სწორედ, საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლისას ხდება ცოდნის მიღება, რომელიც ეხმარება მოსწავლეს ადამიანის უფლებების დაცვასა და პიროვნების პატივისცემაში, საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
მოსწავლემ, ასაკის შესაბამისად, ცოდნის ნაბიჯ-ნაბიჯ შეძენის გზით, უნდა იცოდეს თუ რა არის პოლიტიკური სისტემა, კანონი, როგორი პოლიტიკური სისტემები არსებობს; უნდა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობები და უფლებები დემოკრატიული საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის წინაშე; უნდა იცნობდეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ჩარჩოებს, ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებსა და საშუალებებს საქართველოში და ა.შ.
მოსწავლე უნდა აცნობიერებდეს თავს, როგორც საკუთარი ოჯახის, საზოგადოების, სასკოლო თემისა თუ კლასის, სამეზობლო თემის, რეფერენტული ჯგუფის (იქნება ეს ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობა თუ სატიტულო ნაცია და ა.შ.), ქართული საზოგადოების წევრად; იცნობდეს საკუთარი ქვეყნის, საზოგადოებისა და რეფერენტული თემის კულტურას; საქართველოში თუ მსოფლიოში მცხოვრები სხვა საზოგადოებების კულტურას; იაზრებდეს, რას ნიშნავს ზრუნვის ეთიკა, რატომ არის ის ღირებული და ა.შ.
მოსწავლე ნაბიჯ-ნაბიჯ, საფეხურებრივად, უნდა გაეცნოს თავისი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ძირითად ასპექტებს: საქონლის, მომსახურეობის, შრომისა და სამომხმარებლო ბაზარს, მინიმალურ ხელფასს, მსყიდველთუნარიანობას და ა.შ.; შეძლებისდაგვარად, უნდა იყოს ინფორმირებული მომხმარებლის უფლებებსა და მოვალეობებზე, პასუხისმგებლობითი და ეთიკური მოხმარების მნიშვნელობასა და პრინციპებზე; გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე და ა.შ.
მოსწავლემ უნდა ნაბიჯ-ნაბიჯ, საფეხურეობრივად შეითვისოს ცოდნა ისეთ სფეროებზე, როგორიცაა მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სიტუაციების შეფასება, საგანგებო ვითარებებში მოქმედება, ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების გამოყენება, დაზარალებულთათვის ექიმამდელი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა; უნდა შეიგრძნოს საკუთარი ქვეყნის, რეგიონის კავშირი ევროპასა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან; უნდა გააცნობიეროს ყველა ამ პროცესის ურთიერთკავშირი; უნდა გააცნობიეროს კაცობრიობის, როგორც მსოფლიოს ერთიანი საზოგადოების, წინაშე მდგარი პოლიტიკური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური გამოწვევები.
ამ პროცესში იგულისხმება, რომ მოსწავლეს ინფორმაციის დაუფლების პარალელურად უვითარდება სპეციფიკური და ზოგადი უნარ-ჩვევები, უყალიბდება მაღალზნეობრივი ღირებულებები.
კონკრეტული თემატიკა/საკითხები/კონცეფციები გაშლილია თითოეული კლასისა და საგნის პროგრამის შინაარსში. აღნიშნული ცოდნის შეძენა ითვალისწინებს როგორც საგნობრივ სპეციფიკასა და უწყვეტობას, ისე მოსწავლეების ასაკობრივ შესაძლებლობებს.
უნარ-ჩვევები
მშობლიური ქვეყნისა და მსოფლიოს მნიშვნელოვანი ისტორიულ-გეოგრაფიული მოვლენების შესწავლის პროცესში მოსწავლეს უნდა განუვითარდეს შემდეგი უნარები:
დამოკიდებულებები
მოსწავლე უნდა ჩამოუყალიბდეს მაღალზნეობრივ ღირებულებებზე დაფუძნებული დამოკიდებულებები:
სწავლების მიმართულებების აღწერა
დრო და სივრცე
საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულებაში ”დრო და სივრცე” გაერთიანებული შედეგები პირველ რიგში მოსწავლეს დროსა და სივრცეში ორიენტირების უნარს სძენს.
ისტორიის შემთხვევაში მოსწავლე ეუფლება ისეთ ფუნდამენტურ ცნებებს, როგორებიცაა: დროის ერთეულები, მიმართებები ადრე/გვიან, წარსული, აწმყო, მომავალი, ქრონოლოგია (მ.შ. გეოქრონოლოგიური წელთაღრიცხვა), წელთაღრიცხვა, პერიოდიზაცია, საუკუნე, ათასწლეული, კალენდარი, ისტორიული ეპოქები/პერიოდები, ეპოქა და რეგიონი.
გარემო და ეკონომიკა
მიმართულების ”გარემო და ეკონომიკა” მიზანია მოსწავლეს დაანახოს ბუნებრივი გარემოსა და ეკონომიკის მნიშვნელობა საზოგადოებისათვის. ეს მიმართულება აერთიანებს ბუნებრივი გარემოს, ბუნებრივი რესურსების, მოსახლეობის, ეკონომიკის დარგების გაცნობიერებისა და შესწავლისაკენ მიმართულ შედეგებს. მოსწავლეს საშუალება ეძლევა გააცნობიეროს გეოგრაფიული ფაქტორების ურთიერთკავშირი და ურთიერთდამოკიდებულება. ამავე მიმართულებაში გამჭოლადაა წარმოდგენილი გარემოსდაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბებებისკენ მიმართული შედეგები.
აქ გაერთიანებული შედეგები მოსწავლეს საშუალებას აძლევს აღიქვას ეკონომიკისა და ბუნებრივი ფაქტორების ურთიერთგავლენა. გააცნობიეროს ამ კავშირების ცვალებადობა დროსა და სივრცეში მათი კანონზომიერებები.
სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა
ამ მიმართულების მიზანია მოსწავლეს საშუალება მისცეს გააცნობიეროს სახელმწიფოს რაობა და ფუნქციები. აღიქვას პოლიტიკური პროცესების მნიშვნელობა და ზოგადი კანონზომიერებები. დაეხმაროს მოსწავლეს ისტორიული ფაქტების განზოგადებაში.
კულტურა და რელიგია
ამ მიმართულების მიზანია მოსწავლეს დაანახოს დედამიწაზე ადამიანის შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნება და დაეხმაროს მის კლასიფიცირებაში. ხელი შეუწყოს მას ისტორიული ეპოქები და მხარეები განასხვავოს მათთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ყოფისა და კულტურის მიღწევების საფუძველზე. დაეხმაროს მოსწავლეს რელიგიის რაობისა და მნიშვნელობის განსაზღვრაში. წარმოდგენა შეუქმნას მსოფლიოში არსებული რელიგიური სისტემების მრავალფეროვნებაზე.
ადამიანი და საზოგადოება
ამ მიმართულების მიზანია მოსწავლეს დაანახოს, რომ ისტორიის მთავარ შემოქმედს ადამიანი წარმოადგენს, რომელსაც თავისი უფლებები და საზოგადოების წინაშე გარკვეული ვალდებულებები გააჩნია. საზოგადოება სხვადასხვა სოციალური ფენისგან შედგება. მოსწავლემ უნდა იცოდეს თუ როგორი იყო სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში სხვადასხვა სოციალური ფენის ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართულობის ხარისხი.
ისტორიული ინტერპრეტაცია და კვლევა
ამ მიმართულების მიზანია მოსწავლეს გამოუმუშავოს ისტორიული კვლევის უნარი. მისცეს მას ინფორმაცია ისტორიული წყაროებისა და კვლევის მეთოდების მრავალფეროვნების შესახებ. ასწავლოს ისტორიული თემის წერა, სადაც ის საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბებასა და მათ არგუმენტირებულად დაცვას შეძლებს.
კომუნიკაცია
ამ მიმართულების მიზანია მოსწავლემ შეძლოს რუკებისა და სხვა გეოგრაფიული საშუალებებისანალიზიდა მათი ანალოგების შექმნა; შეიძინოს ისტორიული და გეოგრაფიული კვლევის ინდივიდუალური და ჯგუფური (სამუშაოს განაწილება, ჯგუფური განხილვა და სხვ.) მუშაობის უნარ-ჩვევები; ინდივიდუალური მუშაობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების დასაძლევად მიმართოს საკითხით დაინტერესებულ თანატოლებს; კვლევის პროცესში ითანამშრომლოს იმ პირებთან და ორგანიზაციებთან, რომელთაგანაც შესაძლებელია სასურველი ინფორმაციის მიღება. შეძლოს სხვადასხვა ტიპის აუდიტორიისთვის პრეზენტაციის მომზადება.
No comments:
Post a Comment